მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ახალი Ferrari 12Cilindri?

12Cilindri

იტალიურმა საჯინიბომ მსოფლიოს ახალი თაობის სუპერ-გრანდ-ტურერი წარუდგინა, რომლის სახელწოდება Ferrari 12Cilindri-ია (დოდიჩი ჩილინდრი). სახელიდან გამომდინარე, ყველაფერი გასაგებია, ამ ავტომობილის მთელი არსი მისი ძრავაა, რომელსაც 12 ცილინდრი აქვს და 820 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Ferrari-ს V12-ს არც ტურბო აქვს, არც კომპრესორი და არც ჰიბრიდული სისტემა, ეს 6.5 ლიტრის მოცულობის მუსიკალური ინსტრუმენტი მთელ თავის სიმძლავრეს ჟანგბადის და საწვავის შერწყმით გამოიმუშავებს და ავტომობილის აჩქარებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში უზრუნველყოფს.

„დოდიჩი ჩილინდრი“ მხოლოდ დრამატული ძრავა როდია, მას არანაკლებ შთამბეჭდავი ვიზუალი გამოარჩევს, რომელიც 365 GTB/4 Daytona-ს რეტრო-ფუტურისტულ რეინკარნაციად შეიძლება ჩაითვალოს.

12Cilindri-ს მიზანი აწ უკვე ლეგენდად ქცეული Ferrari 812-ის ჩანაცვლებაა, რომელიც სუპერ-GT კატეგორიის სამეფო ტახტს 2017 წლიდან მოყოლებული იკავებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ავტომობილს ზუსტად იმდენი ცხენის ძალა აქვს, რამდენიც 812 Competizione-ს ჰქონდა, რაც უჩვეულოა. როგორც Ferrari-ში განმარტავენ, მეტი სიმძლავრე უკანა წამყვანი არქიტექტურის მქონე ავტომობილის უმართავად აქცევდა, ამიტომ ინჟინრებმა არჩევანი სწორედ 820 ცხენის ძალაზე შეარჩიეს, რაც მათ იმ ლიმიტად მიაჩნიათ, რომლის იქით გრანდ-ტურერს არაფერი ესაქმება და საქმეში უფრო მძიმე არტილერია უნდა ჩაერთოს, მაგალითად, SF90.

ამჟამად წინასწარი შეკვეთისთვის 12Cilindri-ს ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი - ბერლინეტა და სპაიდერი (კაბრიოლეტი). ავტომობილის საწყისი ფასი 400,000 დოლარია.